ხადური: საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს

ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დეკემბერში სრულიად რეალური იყო ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი, თუმცა, მას შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
“რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას. მათ შორის, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგრესი. ჯერ ერთი თვეც არ გასულა ახალი წლიდან, ჩვენ არ გვაქვს ამ დროისთვის შესაბამისი ინფორმაცია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, საერთაშორისო – საფინანსო ორგანოებთან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დავაზუსტოთ ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“რეგიონში არსებული სიტუაცია უკვე გითხარით. ჩვენ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს თუ შევხედავთ, იგივე ევროკავშირის მდგომარეობას, ნახავთ, რომ მნიშვნელოვნად გაურესებულია ევრო, რაც ჩვენგან გამოიწვევს სავაჭრო ურთიერთობების გარკვეულ გადახედვას. ეს ნიშნავს, რომ ევროპიდან ჩვენი მიმართულებით სრულიად შესაძლებელია, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი შეიცვალოს. მეორე მხრივ, ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ნავთობპროდუქტები შემოდის, გვაძლევს საშუალებას, რომ ფასები უფრო სტაბილური იყოს, რადგან ნავთობპროდუქტები გაიაფებულია. თუმცა, ამ დროს ექსპორტის ბალანსი აქაც ირღვევა, ასევე არის რუსეთი, უკრაინა და ცენტრალური აზიის ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ შიდა და გარე ფაქტორებს ვაანალიზებთ და მას შემდეგ, რაც გვექნება გარკვეული ტიპის ინფორმაცია, მოგვეცემა შესაძლებობა, უფრო ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები