დაუმუშავებელი მიწების გამო მეპატრონეებს გარკვეული სანქციები დაეკისრებათ

საქართველოს “ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში მიწის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც ზამბახიძემ განმარტა, მიწის შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც დაუმუშავებელ მიწებზე გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს.
„საუბარია მიტოვებულ დიდ მიწებზე. რეალურ პრობლემას დღეს მიტოვებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს, რომლებიც რიგ შემთხვევებში გარკვეული დაავადებებისა და მღრღნელების რეზერვატორები გახდნენ. წვრილი ფერმერი, რომელსაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთი აქვს, იბრძვის, რომ მოწეული პროდუქცია, რომელიც მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს, დაიცვას. აქ საუბარია ფართო მასივებზე – 50 ჰექტარზე და ზევით, რომელიც მიტოვებულია. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს კადასტრიზაცია, მიწის მართვის სისტემა უნდა შეიქმნას“, – განაცხადა ზამბახიძემ.
მისივე განმარტებით, კანონპროექტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს.
„ პირველ რიგში, მიწაზე ფასმა უნდა მოიმატოს, მიწის მფლობელმა, თუ არ სჭირდება მას ეს მიწა, გააქირავოს და მესამე – თუ არ გააქირავებს, მის საკუთრებაში არსებული მიწა აგრარულ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ ამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებმა მცირე ფერმერებს პრობლემები არ შეუქმნას“,- აღნიშნა ზამბახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები