კიმ კი-დუკის „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და გაზაფხული“

ყოველ კვირას, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მსოფლიო კინოს შედევრების ჩვენება იმართება. ამჯერად, 1-ელ თებერვალს, 17:00 საათზე კიმ კი-დუკის ფილმის „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და გაზაფხული“ ჩვენება გაიმართება, შემდეგ კი დისკუსია, რომელსაც რეჟისორი და კინომცოდნე ალექსანდრე გაბუნია გაუძღვება.
„გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და გაზაფხული“ – მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცა – რელიგია, აკრძალვები, თავისუფლების ძიება და კაცობრიობის რუტინული წრე. ფილმმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა კინომოყვარულთა დიდი ყურადღება. რეჟისორი თამამად საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულწილად ტაბუირებულია.
სეზონური ცვილებები ისეთივე გარდაუვალია, როგორც ადამიანის მიერ აღქმების ცვალებადობა ცხოვრებაში, მისი ბავშვობიდან ხანდაზმულობის ასაკამდე. ეს არის უნივერსალური ამბავი ადამიანის სულზე, რომელიც უმანკოების, სიყვარულისა და შეპყრობის, ტანჯვის, ხსნისა და განათლების გზას გადის, საბოლოოდ კი თავიდან იბადება. ეს ფილმი სამხრეთ კორეის კინოს უნიკალური კინომხატვრის კიმ კი-დუკის ყველაზე ამაღლებული პოეტური დრამაა. უშფოთველი, მთიანი რაიონი, სადაც ყველაფერი ბუნების დინებას ემორჩილება.
კიმ კი-დუკი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვანია. მან მსოფლიო კინოს 21 ფილმი შემატა. ის ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალების ჯილდოს მფლობელია. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები