საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები – კონფერენცია გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიცირებით მიმდინარეობს კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი. 30 იანვარს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ (წვეულებათა დარბაზში) გაიმართება კონფერენცია, რომელიც დასაბამს მისცემს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს.
კონფერენციას ოფიციალურად გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კონფერენციაზე წარმოადგენს საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი ორგანოები და სხვა დაინტერესებული მხარეები. გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.
კონფერენციის მიზანია კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესება და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობა. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიება.
კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით დისკუსიები საერთაშორისო ექსპერტებთან და სესიები კულტურის სხვადასხვა სფეროში (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა, შემოქმედებითი ინდუსტრიები და სხვ.). პარალელურად მიმდინარე სესიებიდან, სადაც არსებული პრობლემების მიზნებისა და ამოცანების გაანალიზება იწარმოებს, მონაწილეებს ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
„კულტურა 2025-ის“ მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია, განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები, ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, „კულტურა 2025-ის“ სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩართულები იქნებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები.
სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აყალიბებს საკოორდინაციო ჯგუფს. ჯგუფის წევრები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან შეირჩევა. საკოორდინაციო ჯგუფის საქმინაობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები