ჟირინოვსკი მზადაა, ბრიტანელებს ლიტვინენკოს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს

განცხადებები იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს დაღუპვაში რუსეთის წარმომადგენლები არიან დამნაშავენი – პროვოკაციაა. ეს განცხადება „ლდპრ“-ის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გააკეთა.
როგორც პარტიის ვებგვერდზეა ნათქვამი, ჟირინოვსკი ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის ლიტვინენკოს დაღუპვამდე შეხვდა და რამდენიმე საათის მანძილზე ესაუბრებოდა. ბერეზოვსკის განცხადებით, თუ ის რუსეთში დაბრუნდება, ლიტვინენკოს საქმის ყალბ სცენარს გამოაშკარავებს, – აღნიშნავს ჟირინოვსკი. მისი აზრით, ბერეზოვსკი დაამტკიცებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები ამ საქმეში არ მონაწილეობდნენ. ჟირინოვსკის თქმით, ლიტვინენკოს მეუღლე მარინაც ამას დაადასტურებს, რადგან მან სიმართლე იცის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში ლიტვინენკოს საქმეზე მოსმენები გაიმართა. ბრიტანეთის შსს-ს სასამართლო ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელის ნატანიელ ქერის თქმით, ლიტვინენკოს გვამის გაკვეთისას ექიმებს დამცავი კოსტიუმების ჩაცმა მოუწიათ, თითოეულ ექიმს ორ-ორი წყვილი ხელთათმანი ეკეთა. ოპერაცია სპეციალურ ლაბორატორიაში ტარდებოდა.
„ამ ოპერაციას ერთ-ერთი საშიში გაკვეთა უწოდეს, რომელიც დასავლურ სამყაროში ჩატარებულა და ვფიქრობ, ეს ასეც იყო“, – აღნიშნა ნატანიელ ქერიმ.
„როიტერის“ ცნობით, ლიტვინენკოს ორგანიზმში დიდი რაოდენობით პოლონიუმი აღმოჩნდა. სასამართლო- სამედიცინო ექსპერტების ვარაუდით, პოლონიუმი ლიტვინენკოს ორგანიზმში დაახლოებით 2006 წლის 1 ნოემბერს მოხვდა. ქერის ცნობით, ლიტვინენკოს ორგანიზმში პოლონიუმი გადაყლაპვის შედეგად აღმოჩნდა. ბრიტანელი პოლიციის ვერსიით, ნივთიერება ჩაიში შეურიეს. ლიტვინენკო მოწამვლიდან დაახლოებით 3 კვირის თავზე, 2006 წლის 23 ნოემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები