ევროსაბჭოში მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გარდაუვალია
საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ სანქციების საკითხზე კვლავ დისკუსია მიმდინარეობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ასამბლეის წევრები ორ ბანაკად დაიყვნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის ალექს ფიშერის განცხადებით, წევრების ნაწილი რუსეთთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად იყო, მეორე ნაწილი კი რუსეთის დელეგაციის მიმართ სიმკაცრეს მოითხოვდა.
„მოსკოვისთვის მკვეთრი სიგნალის გაგზავნა იგულისხმება, რომ მან მინსკის შეთანხმებები შეასრულოს. არსებობს რამდენიმე წინადადება. ერთ-ერთი – რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ სანქციების რაღაც ნაწილის გამოყენებაა. მაგალითად, არჩევნებში რუსეთის დამკვირვებლების მონაწილეობის აკრძალვა, ანგარიშებისა და მოხსენებების წარმოდგენის აკრძალვა“, – განაცხადა ფიშერმა.
თუმცა, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის 42 წევრიდან 22-ის გადაწყვეტილებით, რუსეთს ხმის უფლება ზაფხულამდე შეუნარჩუნდა. ფიშერის განცხადებით, როდესაც საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის უფლება ყირიმის ანექსიისთვის ჩამოართვა, მოსკოვს „აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია“, ამიტომ ასამბლეას სხვა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
„არსებობენ ქვეყნები, რომელთა პოზიცია ორაზროვანი არ არის. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები. სხვა ქვეყნებში დისკუსია სხვადასხვა პარტიას შორის იმართება. კამათობენ დეტალებზე… ერთი რამ ცხადია: სანქციები გარდაუვალია. ცხადია, რომ რუსეთი საკუთარი პოლიტიკით ევროპის საბჭოსთან დათმობაზე უნდა წავიდეს. დისკუსიის ერთადერთი ასპექტი ის არის, რომ ან ჩვენ რუსეთის მიმართ ნაბიჯს პირველები ვდგამთ, ან ველოდებით, როდის გადადგამს პირველ ნაბიჯს რუსეთი. მაშინ ჩვენ საპასუხოდ ხმის უფლების დაბრუნებას შევძლებდით“, – აღნიშნა ფიშერმა.
ცნობისთვის, რუსეთის დელეგაციის მიმართ სანქციების გაგრძელების ან გაუქმების გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეამ დღეს უნდა მიიღოს.