ყირიმის პარლამენტზე რუსეთის დროშა ფრიალებს

  ხუთშაბათს, გამთენიისას, შეიარაღებულმა ხალხმა ყირიმში, სიმფეროპოლის ცენტრალურ ნაწილში, უმაღლესი რადის და მინისტრთა საბჭოს შენობა აიღო. ეს ფაქტი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაადასტურა. ,,გამთენიისას ტყვიამფრქვევებით და ავტომატებით შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა სიმფეროპოლში ყირიმის უმაღლესი რადის შენობა აიღო. განგაშზე შინაგან საქმეთა ჯარები და პოლიციის მთელი შემადგენლობა იქნა მობილიზებული“, – წერს ავაკოვი.
„ბი-ბი-სის“ უკრაინის კორესპონდენტის ინფორმაციით, სიმფეროპოლის ცენტრი მილიციელებმა გადაკეტეს და არავის არ უშვებენ. პარლამენტზე კი რუსეთის დროშა ფრიალებს. აიღეს ასევე ყირიმის სამთავრობო შენობა. არსენ ავაკოვის განცხადებით, კვარტალი, რომელშიც ყირიმის რადა მდებარეობს, ჯაჭვშემორტყმულია. „ექსტრემისტული ქმედებების აღსაკვეთად, რეაგირების სხვადასხვა ზომაა მიღებული, რათა არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება და შეიარაღებული შეტაკებები ქალაქის ცენტრში“,- აცხადებს ავაკოვი.
ყირიმის მთავრობის ხელმძღვანელს ანატოლი მოგილევს სურს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ყირიმის მთავრობას და უცნობ პირებს შორის, რომელთაც შენობები დაიკავეს.
,,ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ არის ეს ხალხი. მათთან მოლაპარაკება 9 საათზე დაიწყება და მე მონაწილეობას მივიღებ. ყირიმელებს ჩვენ ოპერატიულად მივაწვდით ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებზე. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება“, -განაცხადა ანატოლი მოგილევმა.
ყირიმის ადმინისტრაციულ დედაქალაქ სიმფეროპოლში შეტაკებების დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, ერთი ხანშიშესული მამაკაცი კი გულის შეტევით გარდაიცვალა. მომიტინგეები, რომელთა შორისაც ბევრი ყირიმელი თათარი იყო, ახალი ხელისუფლების მხარდასაჭერად სკანდირებდნენ ლოზუნგებს: ,,დიდება უკრაინას“ და ,,ალახ აკბარ“. მათ საპასუხოდ, რუსეთის მხარდასაჭერად მისული მომიტინგეები რუსულ პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ და ყვიროდნენ – ,,რუსეთი“.
„ბი-ბი- სის“ კორესპონდენტის თქმით, მათ ღამე ყირიმის პარლამენტის წინ ბარიკადების აგება დაიწყეს. ყირიმის პარლამენტს ოთხშაბათს უკრაინის შემადგენლობიდან ავტონომიის გამოსვლის საკითხი უნდა განეხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები