რევაზ სოხაძე – ქვეყნის ისტორიაში საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა

„სენაკში ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი აშენდა.  სამუშაოები მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ბაღი ექნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა,“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სენაკის ახალი საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა.

ახალი საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ყველა საჭირო სივრცე: საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები, გარე რეკრეაციული და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სენაკის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, უკვე დასრულდა 11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობაც. დაგეგმილია კიდევ 36  საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ის, მის გუნდთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

„ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, მე და  ჩემი კოლეგები, ის თანამშრომლები, რომელთაც კონკრეტულად ევალებათ ეს საქმე, ჩავალთ და ადგილზე მოვინახულებთ ყველა ობიექტს. ასე რომ, იქნება მუდმივი მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს  გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად დავიცავთ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს მათთან მიმართებით,“- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები