პაატა დავითაია ფრაქცია „ევროპელ-კონსერვატორებში“ რჩება და ახალ თანამდებობას ითავსებს
ინგლისის პარლამენტის წევრების წარდგინებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრაქციაში “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პოლიტიკურ მრჩევლად დანიშნეს.
დავითაია ფრაქციის სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა და საქართველოს შესახებ მოხსენება გააკეთა.
“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ ძირითადი ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას დაუთმო. როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის წევრებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ბევრი კითხვაც დაუსვეს.
“ვისაუბრე ე.წ. ხელშეკრულებებზე, რაც გაფორმდა და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. ასევე იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გრძელდება და რა გეგმები შეიძლება განახორციელოს მან ამ მიმართულებით. საუბარი მქონდა ასევე რუსული ექსპანსიის საკითხებზე ფინანსური განხრით, “როსნეფტზე”, საავიაციო ბაზარზე რამდენიმე კომპანიის შემოსვლასთან, ასევე ენგურჰესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ეს არის რუსული პოლიტიკა და ზეწოლა საქართველოზე. ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ამ საკითხში გაურკვეველია. კი ხდება ევროკავშირისკენ დეკლარირება, მაგრამ ქმედებები ცოტა სხვაა. ვისაუბრე ასევე საარჩევნო თემატიკაზე და აღვინიშნე, რომ საარჩევნო კოდექსზე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ვმუშაობთ, ვითხოვთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულის დანერგვას. თბილისში რომ ჩამოვალ, არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ვგეგმავ, რათა არასაპარლამენტო ოპოზიციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფრო მეტი ტრიბუნა მიეცეს, გამოიყენოს ჩემი პოზიცია და კარი უფრო გავუღო იმ პარტიებს, ვინც არ არიან პარლამენტის წევრები და არ აქვთ წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში”, – განაცხადა დავითაიამ.