„ვახტანგ გომელაური წესიერი ადამიანი და პროფესიონალია“
გია ხუხაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურა. პოლიტოლოგის განცხადებით, გომელაურმა მინისტრობამდე ფაქტობრივად ყველა ეტაპი გაიარა.
ხუხაშვილის თქმით, გომელაური ძალიან წესიერი ადამიანი და პროფესიონალია.
„კარგად ვიცნობ ვახტანგს და ძალიან პოზიტიურად ვარ მის მიმართ განწყობილი. ძალიან წესიერი ადამიანი და პროფესიონალია. მან მინისტრობამდე ფაქტობრივად ყველა ეტაპი გაიარა და, შესაბამისად, ის ბევრად უფრო მზად არის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტისთვის, ვიდრე ჭიკაიძე იყო. აქედან გამომდინარე, იმედები ნამდვილად არის. წარმატებებს ვუსურვებ მას. თუმცა რაც არ უნდა ძლიერი ფიგურები იყვნენ და რაც არ უნდა კეთილი სურვილები ჰქონდეთ, ისინი ვერაფერს შეცვლიან, თუ ქვეყანაში სისტემური ცვლილება არ დაიწყო“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური გუშინ წარადგინა. ვახტანგ გომელაური, რომელიც აქამდე მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 1975 წლის 24 დეკემბერს თბილისში დაიბადა.
მან 2001 წელს დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. შს მინისტრის მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობდა. 2013 წლამდე იყო იმჟამინდელი პრემიერ – მინისტრის – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი; 2002 წ. – შსს დაცვის პოლიციაში მუშაობდა; 1994 წელს – სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.