„სამართლიანობის აღდგენის დინამიკა საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის“
„სამართლიანობის აღდგენის დინამიკა საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. რეჟიმის დამარცხება რთული იყო, მაგრამ ეს სირთულე არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სისტემის დამარცხება ჰქვია“- აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გია ხუხაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და განვითარდეს, ქვეყანაში სისტემური ცვლილებები უნდა გატარდეს.
„სამართლიანობის აღდგენის დინამიკა საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. რეჟიმის დამარცხება რთული იყო, მაგრამ ეს სირთულე არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სისტემის დამარცხება ჰქვია. სისტემა ადგილზე რჩება, არსად მიდის, და თუ ხელისუფლებამ სისტემური, რადიკალური და არაორდინალური გადაწყვეტილებები არ მიიღო, სისტემა ასეთ დროს ახერხებს და მძევლად აჰყავს ნებისმიერი ხელისუფალი. ბოლო წლებში ყველა ხელისუფლებისთვის დომინანტი და საყრდენი ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ, რამდენიმე ტესტი ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ვერ ჩააბარა. ეს იყო იმის გამოხატულება, რომ სისტემამ დაამარცხა ხელისუფლება. ეს იყო მოსმენების, მოწმეთა დაკითხვის თემა და სხვა საკითხები, სადაც ძალოვანმა უწყებებმა მოუგეს საზოგადოებას. სისტემამ აჩვენა თავისი ძალა. ასეთი დრამატული სურათი გვაქვს. სისტემის გათავისუფლებას ვაზაგაშვილის მსხვერპლი დასჭირდა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.