არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის თემაზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვასთან“ თანამშრომლობით, ახალი პროექტი დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ინიციატივა არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული და მათ საგანმანათლებლო მომზადებას ითვალისწინებს.
პირველი პროექტის ,,იდებატეს“ ფარგლებში, ტრენინგი 15-მა არასრულწლოვანმა გაიარა.
ოთხდღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, არგუმენტირებული მსჯელობისა და დებატების უნარები.
განხორციელებული სწავლება ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მომზადებას. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინტერაქტიულ და როლურ თამაშებში, რაც ხელს უწყობს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათთვის თვითდაჯერებულობის, ახალი შესაძლებლობების დანახვის, ურთიერთთანადგომისა და გუნდურობის უნარების გაღრმავებას. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე ჯგუფებს შორის დებატები გაიმართა და შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
საქართველოს პროკურატურა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვასთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ანალოგიური პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.