თეა წულუკიანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესს ესწრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესს ესწრება, რომელიც ჟენევაში იმართება. კონგრესზე მოწვეული ქვეყნების დელეგაციების წევრები − სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები − ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ. სამინისტროს ცნობით, კონგრესის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს, შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დაცვის კუთხით.
თეა წულუკიანი კონგრესის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილებას გააცნობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სფეროში. იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტზე ისაუბრებს, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს ლიბერალურ და გაეროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილ მართლმსაჯულებას სთავაზობს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტის პირველი წარდგენა და განხილვა მოხდება საერთაშორისო დონეზე, საქართველოს კი პირველად ეძლევა შესაძლებლობა, აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის წარმატებული ქვეყანაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.
„ჩვენი წარმატება სულ ახლახან შემუშავებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტია, რომელიც აქცენტს აკეთებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებზე, ებრძვის დანაშაულს, მაგრამ, ამავე დროს, გამოყოფს მათთვის სპეციალიზებულ მოსამართლეს, სპეციალიზებულ პროკურორს, სპეციალიზებულ პოლიციელს; აქცენტს აკეთებს აღდგენით მართლმსაჯულებაზე, ალტერნატიულ მექანიზმებზე, როგორიც არის, მაგალითად, განრიდება. მე პატივი მაქვს, მსოფლიოს გავაცნო ეს წარმატება, მათი შეფასებები და კომენტარები მოვისმინო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრი ხვალ, 28 იანვარს მიმართავს.