სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებს დოკუმენტური ფილმი “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” წარუდგინეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის შესახებ ფილმი “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” წარუდგინეს, – ამის შესახებ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია სალუქვაძემ ისაუბრა.
სალუქვაძის განმარტებით, ფილმთან ერთად მათ ევროპარლამენტარებს ბანერები უჩვენეს, სადაც, მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების ამსახველი ფოტოები იყო დატანილი. უფლებადამცველის განცხადებით, მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში თითქოსდა, შერჩევითი სამართალი არსებობს, დაიმსხვრა.
„ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა დოკუმენტური ფილმი, სადაც 2004 წლიდან 2012 წლამდე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებია აღწერილი. ეს არის მასალები, რომლითაც მათი დანაშაულები დასტურდება. მითი შერჩევითი სამართლისა და სააკაშვილის რეჟიმის დემოკრატიულობის შესახებ დაიმსხვრა. ფილმში, რომელიც ჩვენ მათ ვაჩვენეთ, აღწერილი გვქონდა გირგვლიანის, რობაქიძის და ვაზაგაშვილის მკვლელობები, მოლაშვილის, ვალერი გელაშვილის და ჟვანიას საქმეები. მასთან ერთად, „ნავთლუღის სპეცოპერაცია“ და საქმეები ჩამორთმეული ქონების შესახებ. იყო მასალები მედიის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, 25 ლოგო გვქონდა იმ მედიასაშუალებების, რომლებიც სააკაშვილმა დახურა, დააპატიმრა ან გააკოტრა. წარვადგინეთ ფოტოგრაფების საქმის მასალებიც. მათმა რეჟიმმა ასობით ადამიანი ქუჩაში ჩაცხრილა. ევროპარლამენტის დეპუტატები, დიპლომატები და ჟურნალისტები, რომლებიც ესწრებოდნენ, გაუგნებულები და შოკირებულები იყვნენ. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სამჯერ მოგვიხდა ფილმის ჩვენება. შემდეგ თითოეულ მათგანს საინფორმაციო ბუკლეტები დავურიგეთ, სადაც ფილმში გადმოცემული მოვლენების შესახებ ეწერა“,- განაცხადა გია სალუქვაძემ.
სალუქვაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე მოხსენების გასაკეთებლად ევროპის სოციალისტურმა პარტიამ მიიწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლები სტრასბურგში მარტში გაემგზავრებიან.