„ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916-1918 წლებში“ – კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
26 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერების ჩანაწერის კრებულის პრეზენტაცია. ღონისძიებას ქართველ ტყვეთა შთამომავლები დაესწრნენ.
კრებულის პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, რომლებმაც შეასრულეს ამ კრებულში შესული სიმღერები. 1915 – 1918 წლებში, პრუსიის გერმანიის ტყვეთა ფონოგრაფიულმა კომისიამ, ბანაკებში მოხვედრილი ქართველი მეომრების მიერ შესრულებული ზეპირი მეტყველებისა და ხალხური სიმღერების ნიმუშები ჩაწერა. კრებულში შესულია საარქივო დოკუმენტებიდან ამოკრეფილი ინფორმაცია ქართველ მომღერლებზე და მათ მიერ შესრულებულ სიმღერებზე კომენტარები. წიგნს თან ახლავს ორი კომპაქტ-დისკი, რომელშიც შესულია ბერლინის ფონოგრამ-არქივში დაცული ქართველი ტყვეების სიმღერების 65 აუდიონიმუში და წერილობითი დოკუმენტები.
ხალხური სიმღერების კრებული კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივის ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად გამოიცა.