უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური ჯგუფები აბუ-დაბიში ერთმანეთს ხვდებიან და მხარეებს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინელი წარმომადგენლები თითქმის ყოველ საათში მაწვდიან ანგარიშს – ისინი ახლა საამიროებში იმყოფებიან. იქ დღეს უკრაინული, ამერიკული და რუსული დელეგაციები არიან, საუბარი უკვე შედგა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი სამმხრივი ფორმატის შეხვედრები დიდი ხანია არ ყოფილა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, სამი ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინაში ომის დასრულების პარამეტრებს განიხილავენ. ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებლებს „რუსეთისგან პასუხების ნაწილი მაინც უნდა ჰქონდეთ“ და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად უნდა იყოს „დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო“.
„უკრაინის პოზიციები ნათელია. მე ჩვენი დელეგაციისთვის დიალოგის ჩარჩო განვსაზღვრე. დელეგაცია მუდმივად კონტაქტზეა – რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, დავით არახამია, სერგეი კისლიცია. ხვალ მოლაპარაკებებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ჰნატოვი და გურ-ის წარმომადგენელი სკიბიცკი შეუერთდებიან“, – ნათქვამია უკრაინის ლიდერის განცხადებაში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შინაარსთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა ომის დასრულების სურვილის მნიშვნელობას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის მხრიდან.