გიორგი ვოლსკი: არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში კარგი პირობები იქნება დებატებისთვის
“არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში კარგი პირობები იქნება დებატებისთვის,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პრემიერის ინიციატივაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში დებატების გახსნის და საჯარო დისკუსიის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ის ტოქსიკურ სივრცეს უწოდებს პროპაგანდის იმ ნაწილს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული „ბაბლი“ იმიტომ შექმნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ რადიკალურ პარტიებთან ერთად.
„ნება უნდა აჩვენონ ამასთან დაკავშირებით. მე პირადად არ ვგულისხმობ, რომ ამ ტოქსიკურ სივრცეში შეიძლება შესვლა და რაიმე დებატებზე საუბარი. ტოქსიკურ სივრცეს ვუწოდებ პროპაგანდის იმ ნაწილს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული „ბაბლი“ იმიტომ შექმნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ რადიკალურ პარტიებთან ერთად. ამ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლიანი გარემო ყველასთვის. მავალი თაობა მოდის. ამ თაობის რადიკალებს თუ არ აქვთ ეგეთი სურვილი, შეიძლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმრავლესობის ხედვებისგან საპირისპირო მოსაზრებები. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისთვის მზაობის გამოხატვას საკმაოდ სერიოზულ არგუმენტები სჭირდება. ჯერ ერთი, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საითაც მიგვანიშნებდნენ და დღემდე ხელს კრავენ საქართველოს, საით უნდა იმოძრაოს, ეს არის ცეცხლის, დაღუპვის და ნგრევის გზა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დებატებში დამარცხებულები არიან წინასწარ. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრობლემები ნარჩუნდება, მაგრამ ტენდენციები პოზიტიურია, აქედან გამომდინარე, არგუმენტები სასაუბროდ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბევრი ამას მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, მაგრამ ვნახოთ, ვცადოთ. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის,” – განაცხადა ვოლსკიმ.