ალექსანდრე ვერშბოუ: საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს

საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა.
ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წელს მისი ყველაზე დიდი იმედგაცრულება იყო ის, რომ ვერ ჩამოვიდა საქართველოში.
“ნება მიბოძეთ გითხრათ, თუ როგორ ველოდები ჩემს ვიზიტს საქართველოში. 2014 წელს ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრულება იყო ის, რომ ვერ ჩამოვედი საქართველოში. ვიზიტი საუკეთესო საშუალებაა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს პარტნიორის და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესი შევაფასოთ. მექანიზმები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, გაფართოვდა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, როდესაც ნატო-ში შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემაზე. იმ მექანიზმებთან ერთად, რაც გვქონდა წლიური ეროვნული პროგრამა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტი, მათ შორის, ერთობლივი წვრთნები. ახლა საქართველოში გვეყოლება ექსპერტთა და მრჩეველთა ჯგუფი. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე. იმედი მაქვს, რომ მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენ დახმარებას გავუწევთ ქართულ მხარეს სკოლის გახსნაში. მოვამზადებთ საფუძველს და ადგილს, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის ერთობლივი წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებლად. ანუ, რაც გვქონდა, ის მექანიზმები, დამატებული ახალი მექანიზმები, როგორც “ტვიტერზე” დავწერე. საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს”, – აღნიშნა ალექსანდრე ვერშბოუმ ბრიუსელში, “მოამბის” კორესპონდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, საქართველო არის იმ გამონაკლისი ქვეყნების ჯგუფში, რომლებთანაც ნატო-ს გაძლიერებული თანამშრომლობა აქვს.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს პრაქტიკაში ეს თანამშროლობა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყნებს ექნებათ წვდომა ნატო-ს კონსულტაციებზე, მონაწილეობა სხვადასხვა სახის წვრთნებში, რომლებიც თავის მხრივ დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ სრულად დაუახლოვდნენ ნატო-ს სტანდარტებს”, – აღნიშნა ალექსანდრე ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები