გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან შეხვედრა გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები იყო. ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილეს.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის “მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა.
შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ამ მხრივ, მხარეებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ლიტველი ბიზნესმენების ვიზიტი, რომლებიც საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ერთად ეწვივნენ. მათი განცხადებით, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, თანამშრომლობის შესახებ ტრანსპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გათვალისწინებით.