ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის სერიოზულად ემზადება
საქართველოს მთავრობა სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების კუთხით. “ჩვენი ამოცანაა, რომ სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა, ვაჩვენოთ წარმატების მაგალითი. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა მზადაა, გაააქტიუროს ძალისხმევა ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტისთვის კონკრეტული შედეგების დემონსტრირებისათვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ლიტვას ნატოს უელსის სამიტზე მიღებული “არსებითი პაკეტის” განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. “ვფიქრობთ, რომ ლიტვისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით უახლოეს მომავალში მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს – ალიანსში გაწევრიანებას. შეხვედრის დროს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულგამოწვევებს. კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. “შეთანხმებების” გაფორმებას, რაც მიმართულია საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის დღეს, ისე როგორც არასდროს, გადამწყვეტია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა”, – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.