ლიკანში დაჭრილი ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ლიკანში 23 იანვარს დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. მასთან ერთად დაჭრილი კიდევ ერთი სამართალდამცველის მდომარეობა სტაბილურია და დინამიკაში დამაკმაყოფილებელია.
“ორივე მათგანს ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაცია, ერთ-ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა, მეორეს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. შემთხვევა ლიკანში მოხდა. ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებს სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად. თუ ფლობთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართეთ პოლიციის განყოფილებას ან დარეკეთ 112-ზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები