„გამოყენებულია წნევის გამომწვევი ასაფეთქებელი ნივთიერება – ეს ტერორისტული აქტია“
„ვაზაგაშვილის მკვლელობა რეალურად მცოდნე ადამიანის მხრიდან განხორციელებული ტერორისტული აქტია“ ,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გენერალმა, სამხედრო ექსპერტმა კობა კობალაძემ გააკეთა.
კობალაძის თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება არის საქმე, რომელზე პასუხსაც მთელი საზოგადოება ელოდება.
„აღნიშნული აქტი კონკრეტული პიროვნების მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა. ფაქტი რეალურად შესასწავლია. გამოყენებულია წნევის გამომწვევი ასაფეთქებელი ნივთიერება. არ ვიცი, კონკრეტულად რა სახის ნივთიერება ან ხელსაწყო გამოიყენეს. არსებობს რამდენიმე ნაირსახეობა, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის, ქვეითსაწინააღმდეგო… შეიძლება ეს იყო შეხების დროს რეაქციის გამომწვევი, შეიძლება იყო რადიოტალღოვანი. საზოგადოება ელოდება პასუხს. პროცესი ალბათ ცოტა დაჩქარდება, თუნდაც იმის გამო, რომ ბატონი იურა სამართალს ზვარაკად შეეწირა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.