საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონფერენცია

სასტუმრო “ძველ თბილისში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით კონფერენცია “სტომატოლოგია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში” გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, სხვადასხვა ასოციაციები, ასოციაციის წევრი და არაწევრი ექიმები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის” წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები განიხილეს.
კონფერენციაზე C ჰეპატიტი განიხილეს მრავალი მიმართულებით: მისი გავრცელება, ეპიდემიოლოგია, გადაცემის გზები, მკურნალობა, პრევენცია. ასევე – დაავადებულთა უფლებები და დისკრიმინაციის საკითხები.
როგორც ცნობილია, პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს სტომატოლოგიური კაბინეტებისა და C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ობიექტების ჰიგიენური ნორმების კონტროლის გამკაცრებას და მუდმივ მონიტორინგს.
სტომატოლოგები აცხადებენ მზადყოფნას, აღასრულონ სამინისტროს მითითებები აღნიშნული მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები