სეპარატისტებმა ლუგანსკში მოხუცთა თავშესაფარი და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს
ლუგანსკში სეპარატისტებმა მოხუცთა თავშესაფარი და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. ანტიტერორისტული შტაბის ინფორმაციით, დღეს დონეცკში შეტაკებები განსაკუთრებით გახშირდა. სეპარატისტები ქალაქის ქუჩებში ტანკებით გამოჩნდნენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება იმანაც გაამწვავა, რომ აფეთქებები მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებშიც.
ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი მოსკალი იუწყება, რომ სეპარატისტებმა იერიში სოფელ ვალუისკოეზე “გრადის” ტიპის არტილერიიდან მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 10-მდე სახლი და მოხუცთა თავშესაფარი, სადაც 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, დღის მეორე ნახევარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება უკრაინის სამხედრო დაჯგუფებებს უკავშირდება და ისინი აღნიშნულ რეგიონში უმისამართოდ ისვრიან. შესაბამისად, მსხვერპლთან დაკავშირებით მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ. უკრაინის ხელისუფლება, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტერაქტები სეპარატისტებმა ჩაიდინეს.