საფრანგეთში ქართველი “კანონიერი ქურდების” დაჯგუფების 10 წევრი დააკავეს

საფრანგეთში სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 10-ზე მეტი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელთაგანაც ყველა საქართველოს მოქალაქეა.
ამის შესახებ, ფრანგ სამართალდამცველებზე დაყრდნობით, ფრანგული მედია იუწყება.
სამართალდამცველების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული დანაშაულებრივი ჯგუფი კარგად იყო ორგანიზებული და პარიზის რაიონში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მათ 60-მდე სახლი და ბინა გაძარცვეს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულებიდან ხუთის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია.
პოლიციის მონაცემებით, სამი ქართველი გასულ ორშაბათს პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ იველინში სახლის გაძარცვის ფაქტზე, დანაშაულის ადგილზე, დანარჩენები კი მეორე დღეს, სხვა ქალაქებში დაიჭირეს, სადაც ისინი სასტუმროებსა და ბინებში ცხოვრობდნენ. მათი საცხოვრებლების ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, ფოტოაპარატები და პლანშეტური კომპიუტერები აღმოჩინეს.
“კვირა” აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომლის ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები