მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო 144′-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, ამნისტიის კანონის თანახმად, ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და, საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა. სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2011 წლის სექტემბერში დაიწყო, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დანაშაულის არ არსებობის გამო შეწყდა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მაშინ გულის შეტევა დასახელდა. 2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაახლა გამოძიება.