იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა საგამოძიებო პროცედურებში მიიღეს მონაწილეობა
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ისინი ყარაფილაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს გამომძიებლებთან ერთად გაეცნენ. ადვოკატების განცხადებით, იური ვაზაგაშვილის ავტომობილი დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ექსპერტებმა. ექსპერტიზის დასკვნამდე, ადვოკატები თავს იკავებენ, ისაუბრონ, აღმოჩნდა თუ არა რაიმე საეჭვო დეტალი იური ვაზაგაშვილის ავტომობილში. მათი ინფორმაციით, საკმაოდ ინტესიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ვესწრებოდი საგამოძიებო მოქმედებას, დამატებით ჩატარდა ავტომობილის სრულყოფილი დათვალიერება. ჩვენი დღევანდელი მიზანი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება იყო. გარკვეულ ვერსიებზე გამოძიება მუშაობს. ეს მიმდინარე პროცესია“, – განმარტავს იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
„ვინც ეს დაამონტაჟა იურის საფლავზე, იყო მცოდნე პირი, ფლობდა სპეციალურ უნარ-ჩვევევბს, თუ როგორ უნდა დაემონტაჟებინა ეს კონკრეტული საბრძოლო მასალა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გააკეთა ეს, ამის გასარკვევად მიმდინარეობს ეს გამოძიება“,- განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების ინფრომაციით, მათაც და პროკურატურასაც რამდენიმე ვერსია აქვთ, რაზეც ამ დრომდე მუშაობენ.