მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს 4000 ლარი ჩაურიცხა

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირადი დანაზოგიდან, უკრაინაში დაღუპული 2 ქართველი ოფიცრის ოჯახს 4000 ლარი გადაურიცხა, – ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქვეყნდება. როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, მან გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად „საქართველოს ბანკში“ ანგარიში გახსნა, სადაც სხვა მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში დაღუპულ ქართველთა ოჯახის წევრებს ფინანსური დახმარება გაუწიონ.
„რუს აგრესორებთან ბრძოლაში, რომლებიც, ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასაც ახორციელებენ, უკრაინაში გმირულად დაიღუპა 2 ქართველი ოფიცერი – ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი. სამწუხაროდ, ჩვენმა ახლანდელმა მთავრობამ არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა ალეკო გრიგოლაშვილის ხსოვნას, არამედ არც ერთი დაღუპული გმირის ოჯახს ის მატერიალურად არ ეხმარება, არადა, მათ დარჩათ შვილები და ეს ოჯახები ხელმოკლედ ცხოვრობენ.
მე მგონი, ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია, შეძლებისდაგვარად, აღმოვუჩინოთ დახმარება იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირნენ. ამ მიზნით, ჩემს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან შევქმენი სპეციალური ანგარიში, რომელზეც ჩავრიცხე დასაწყისისთვის ჩემი პირადი დანაზოგიდან – 4 ათასი ლარი და ვთხოვ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, თუნდაც მცირედი თანხით ამიბას მხარი. ეს სწორიცაა და, ამავე დროს, ჩვენი ღირსების საკითხია.
მიმღების ბანკი: “საქართველოს ბანკი”, კოდი BAGAGE22, მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000714419800“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები