„ალუბლის ბაღის“ სცენური ვერსიის პრემიერა გაიმართება

29 და 30 იანვარს, 19:00 საათზე თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში ჩეხოვის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი პიესის – „ალუბლის ბაღის“ სცენური ვერსიის პრემიერა გაიმართება. პრემიერა დრამატურგის დაბადებიდან 155-ე დაბადების დღეს გაიმართება.
რანევსკაიას როლს საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და მიხეილ თუმანიშვილის პრემიების ლაურეატი გურანდა გაბუნია ასრულებს.
სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – ანდრო ენუქიძეა; პროდიუსერი – ნიკოლოზ სვენტიცკი; მხატვარი – მირიან შველიძე; მუსიკალური გაფორმება – ელისო ორჯონიკიძე; კოსტიუმების მხატვარი – თეო კუხიანიძე. მონაწილეობენ მსახიობები: გურანდა გაბუნია, ირინა მეღვინეთუხუცესი, ოლეგ მჭედლიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, მიხეილ ამბროსოვი, მიხეილ არჯევანიძე.
სპექტაკლი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლი კავშირ „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით დაიდგა. „ალუბლის ბაღის“ ანდრო ენუქიძისეულ სცენურ ვერსიაში პარიზში მყოფი მოხუცებული რანევსკაია იხსენებს თავის ცხოვრებას. მტკივნეული მოგონებები და აზრები გაუთავებელად ეხვევა თავს. უყვარს თუ არა მას თავისი სამშობლო, რატომ გაიყიდა ალუბლის ბაღი და ბოლოს, რა ბედი ეწია ფირსს? იგი ესაუბრება ვინმე ქალს. ვინ არის იგი – ანია, ვარია, შარლოტა? და რატომ არის ეს დიალოგი უსასრულო?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები