ირაკლი შოთაზე: ყარაფილას სასაფლაოზე მხოლოდ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო
გამნაღმველებმა ერთადერთი რაც დაადგინეს, არის ის, რომ იმ ასაფეთქბელი მოწყობილობის გარდა, რაც აფეთქდა და რამაც იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება გამოიწვია, სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები სასაფლაოზე არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„გამნაღმველებმა ერთადერთი რაც დაადგინეს, არის ის, რომ იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის გარდა, რაც აფეთქდა და რამაც იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება გამოიწვია, სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები სასაფლაოზე არ იყო. ახლა გამომძიებლები ათვალიერებენ შემთხვევის ადგილს და სწორედ ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ჩატარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება, გაეცეს პასუხი თუ კონკრეტულად, რა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო სასაფლაოზე“, – აღნიშნა პროკურორის მოადგილემ.
შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.
„მთელი პროკურატურა მობილიზებულია. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შიდა ქართლის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლები. მე ვიყავი შემთხვევის ადგილზე და გავეცანი ვითარებას. დრო ცოტა გაჭინურდა იმიტომ, რომ მიმდინარეობდა განაღმვა, რომელმაც რამდენიმე საათი წაიღო. ახლა მიმდინარეობს ადგილის დათვალიერება, რომელიც არის უპირველესი და გადაუდებელი საგამოძებო მოქმედება, რაზეც ფუძნდება მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიება. შესაბამისად, ჩემგან არასწორი იქნება, რომ დავიწყო ვერსიებზე საუბარი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად გამოძიება ახლა დაიწყო და ახლა მიმდინარეობს. შესაბამისად, მე რომ არ დავაზიანო გამოძიების ინტერესები, ვერსიებზე საუბრისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.