ზღულაძე: რეფორმის შედეგად „გაის“ ყველა თანამშრომელი სამსახურს დატოვებს

უკრაინაში „გაის“ რეფორმა დაიწყო. ცვლილებების შედეგად ქუჩებში წესრიგის შენარჩუნებაზე კონტროლს საპატრულო სამსახური დაამყარებს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის განცხადებით, საპატრულო სამსახური კიევის ქუჩებში ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება. საპატრულო სამსახური, ზღულაძის თქმით, „გაის“ ფუნქციებს შეასრულებს, თუმცა მისი უფლებამოსილება გაცილებით გაიზრდება.
„საპატრულო სამსახური  „გაის“ დასავლური ვერსია არ არის, ეს პოლიციელის მუშაობის აბსოლუტურად ახალი სახეობაა“, – განაცხადა ზღულაძემ.
საპატრულო პოლიცია საგზაო მოძრაობის რეგულირებით იქნება დაკავებული, თუმცა მისი ძირითადი ფუნქცია – „ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების დამყარება და კონკრეტული რაიონის, ან ქალაქის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ადგილობრივ დონეზე პრობლემების გადაწყვეტა იქნება“, – აღნიშნა ზღულაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, საპატრულო სამსახური „ერთ ადგილზე არასდროს არ დგას“.
„სამსახურის მთავარი ამოცანაა – პატრულირება 24 საათის განმავლობაში. პოლიციელები ჯარიმებს გამოწერენ, მაგრამ ამ ტექნოლოგიასაც შევცვლით. გვსურს, რომ ჩეკები ელექტრონული სახით გამოიწეროს. გარდა ამისა, გვინდა ავამოქმედოთ ვიდეოფიქსაცია, ვიდეორადარები, იმისთვის, რომ დოკუმენტების უმრავლესობა ავტომატურად, პატრულის მონაწილეობის გარეშე დაიბეჭდოს“, – განაცხადა ზღულაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი „გაის“ ყველა თანამშრომელი სამსახურს დატოვებს. „ჩვენ ვეძებთ მამაკაცებს, ქალებს. განსაკუთრებით საჭიროა ქალები. საპატრულო პოლიციელის სავარაუდო საშუალო ხელფასი 6-8 ათასი გრივნაა (დაახლოებით 400-500 დოლარია)“, – აღნიშნა ზღულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები