კონფერენცია „მწვანე ლაბორატორია: კულტურა და გარემო“ გაიმართება

22 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში „გეოეარი“ და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია“, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, რომელიც პროექტის „აღმოაჩინე ელიავა“ ფარგლებში ტარდება. კონფერენცია მიეძღვნება გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების კრეატიულ და ალტერნატიულ მიდგომებს, ნარჩენებისა და გამოყენებადი ენერგიების სწორ მენეჯმენტს, ენერგოეფექტურობას. შეხვედრაზე განხილული იქნება სახელოვნებო რეზიდენციების, ნარჩენებისგან მეორადი ხელოვნების ნიმუშების შექმნის, კულტურის ინსტიტუციებში ენერგოდანაკარგების შემცირების, „მწვანე არქიტექტურის“ თანამედროვე ტენდენციების საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ და პრეზენტაციებს გააკეთებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ხელოვანები, არქიტექტორები, ბიზნესმენები და სხვ. მათ შორის ბრიტანული ორგანიზაციის Julie’s Bicycle წარმომადგენელი ლიუკ რამსი (www.juliesbicycle.com), რომელიც უკვე მრავალი წელია მუშაობს კულტურის ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირებისა და კრეატიული პროექტების განხორციელების საკითხებზე. ორგანიზაციას აქვს ექსპერტული ცოდნა, როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების, ისე ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და ცალკეული ორგანიზაციების მიერ გარემოზე ზეგავლენის კალკულაციის სფეროში. კონფერენციაზე თავის პროექტებს ასევე წარადგენს იტალიური სახელოვნებო რეზიდენციის Pollinaria-ს წარმომადგენელი დანიელა დ’არიელი (www.pollinaria.org/en/Arte/fritz-haeg.aspx, ინიციატივა Tree House).
მომხსენებლებად მოწვეულნი არიან: მამუკა ჯაფარიძე, cloud library (საქართველო); ყარამან ქუთათელაძე, გარიყულას არტ რეზიდენცია (საქართველო); ლიუკ რამსი, Julie’s Bicycle (ინგლისი); დანიელა დ’არიელი, Pollinaria (იტალია); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (საქართველოს წარმომადგენლობა); მეთიუ ვრიიმანი, Kultivator (შვედეთი) (online პრეზენტაცია და Skype ჩართვა); ორგანიზაცია Ecovision (საქართველო); ია კუპატაძე, არქიტექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).
კონფერენცია „მწვანე ლაბორატორია: კულტურა და გარემო“ წარმოადგენს ევროკომისიის კულტურის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივის Green Art Lab Alliance (GALA) ნაწილს, რომლის კოორდინატორია ჰოლანდიური ორგანიზაცია Trans Artists.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები