პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზურაბ ვაზაგაშვილის მამის იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუმარტეს, გატარდება პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა.
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით კი ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.