„მე არ ვარ შარლი, მე ვალერა ვარ…“ – სოციალურ ქსელში ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვაში ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვის მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა

რუსულ სოციალურ ქსელში ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა. როგორც ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, „ოფიციალურად პერმიაკოვი ჯერ დამნაშავე არ არის, ვალერი ჯერ არ გაუსამართლებიათ, მაგრამ სომეხი ნაცისტების პროვოკატორები უკვე ამძაფრებენ სიტუაციას გიუმრიში და ერევანში, მათ კი მხარს უჭერენ ასევე წინდაუხედავი რუსები. გამოფხიზლდით, განა ამას არ ელოდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი?“
ამ დროისთვის ჯგუფში 356 ადამიანია გაწევრიანებული. თავად პერმიაკოვის გვერდზე კი სოციალურ ქსელში ასეთი წარწერაა: „ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავს ნაგვით დაფარავენ, მაგრამ ისტორიის ქარი მას დაუნდობლად მიმოფანტავს!“. გარდა ასეთი აზრებისა, პერმიაკოვი „ლექსებსაც“ წერს: „მე არ ვარ შარლი, მე ვალერა ვარ ჩიტადან, მე რუსი მებრძოლი ვარ და წყლის დალევა მსურდა…“
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, გამთენიისას, ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების 6 წევრი მოკლა და 6 თვის ბავშვი დაჭრა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 თვის სერიოჟა ავეტისიანიც გარდაიცვალა. რეალური მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა ვალერი პერმიაკოვმა ეს სასტიკი დანაშაული, უცნობია. არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის თანახმად, ჯარისკაცი სასმელ წყალს ეძებდა და სწორედ ამ მიზნით შევიდა ავეტისიანების ოჯახში. მან ყვირილი გაიგონა და შეეშინდა, რომ მხილების შემთხვევაში მას დეზერტირად გამოაცხადებდნენ. ამის შემდეგ პერმიაკოვმა სროლა დაიწყო. არის ვერსია, რომ პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. მესამე ვერსიით, სამხედრო, რომელიც, სავარაუდოდ, სექტანტია, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

10941301_908915612482011_1510774295_n

10942432_908915609148678_1308707901_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები