„წითელქუდას“ პრემიერა – ანშლაგი მოზარდმაყურებელთა თეატრში
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა ახალი წელი, შარლ პეროს ცნობილი ზღაპრით „წითელქუდას“ პრემიერით დაიწყო. 17 და 18 იანვარს მოზარდმაყურებელთა თეატრმა არა მხოლოდ პატარები გაახარა, უფროსი თაობის მაყურებელიც ბავშვობაში დააბრუნა. ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ბავშვობასთან ასოცირდება, ერთნაირად საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.
შალვა გაწერელიას ინსცენირებით „წითელქუდას“ თანამედროვე ვერსია რეჟისორმა და ინსცენირების ავტორმა ოთარ ბაღათურიამ დადგა. სპექტაკლის მხატვარია – იავენგო ჭელიძე, კოსტიუმების მხატვარი – მაია სხირტლაძე, მუსიკალური არანჟირების ავტორი – ლექსო ტურიაშვილი, გამოყენებულია დავით ტურიაშვილის მუსიკა, ქორეოგრაფი -ანანო სამსონაძე.
მაყურებლის წინაშე „წითელქუდას“ როლით მოზარდმაყურებელთა თეატრის ყველაზე პატარა და უკვე ცნობილი მსახიობი კესო მაისაშვილი წარდგა. თეატრალურ სცენაზე წითელქუდას როლით კიდევ ერთი პატარა მსახიობის, სალომე გელაშვილის დებიუტი შედგა. სიკეთისა და ბოროტების შებრძოლება, მუსიკალურად და იუმორით გაფორმებულმა, სიკეთით, სიყვარულით სავსე სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. „სპექტაკლი ჩემს შვილიშვილს მივუძღვენი. ჩემს კატოს. მისი საჩუქარია. საერთოდ, მიყვარს ბავშვები. მინდა მათთვის, ბევრი კარგი და გემოვნებიანი სპექტაკლი დაიდგას. როდესაც ბავშვებისთვის დგამ სპექტაკლს, ის აუცილებლად კეთილად უნდა დამთავრდეს. მათ არ უნდა განიცადონ და ბედნიერები უნდა წავიდნენ თეატრიდან“, – ამბობს რეჟისორი ოთარ ბაღათურია.
სპექტაკლში მოქმედი პირნი და შემსრულებელნი არიან: წითელქუდა – კესო მაისაშვილი, სალომე გელაშვილი; დედა – ლიკა შუკაკიძე, სოფო ახუაშვილი; ბებია – ქეთევან შერვაშიძე, ნაირა გელაძე; მგელი – ზურაბ ავსაჯანიშვილი; მონადირე – დიმიტრი თარბაია; მელა – ანო მღებრიშვილი, თეონა ლეჟავა; ჩიტი – ხატია მელქაძე; ჩიტი – ნინო არჩაია, თეკლა ჯავახაძე; კურდღელი – ანა ზამბახიძე.