ემზარ კვიციანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავებენ
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 27 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავებენ – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა. როგორც „კვირას“ პროკურატურიდან აცნობეს, ემზარ კვიციანი საქართველოში 27 თებერვალს, 16.00 საათზე დაბრუნდება. თემურ დოლიძის ინფორმაციით, ემზარ კვიციანი წლების განმავლობაში იძებნებოდა და მას ქართველი სამართალდამცველები სწორედ ძებნილის სტატუსით დააკავებენ. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში ხვალ დაბრუნდება. 16:00 საათზე მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. ემზარ კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. შეგახსენებთ ასევე, რომ პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.