ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მიტროპოლიტი თადეოზი გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 68 წლის ასაკში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში განუცხადეს, მეუფე თადეოზი დღეს, 7:30 საათზე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მეუფე თადეოზი 1946 12 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ფლავში დაიბადა.
1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.
ქრონოლოგია: 1977 – მღვდელი; 1979 – წილკნის ეპისკოპოსი; 1982 – აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი; 1984 – მანგლელი მთავარეპისკოპოსი; 1993-1995 – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი; 1995-2003 – ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი; 2003 – ბოლნისის მთავარეპისკოპოსი; 2005 – თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. 2010 2 აგვისტო – მიტროპოლიტი. 2013 წლიდან პენსიაზეა და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი.