პროფესორ რისმაგ გორდეზიანის ლექცია გაიმართება

23 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის მიწვევით, არქივის შენობაში (ვაჟა-ფშაველას №1) აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრი რისმაგ გორდეზიანი წაიკითხავს ლექციას თემაზე „ძველი ბერძნული თეატრი“.
ძველი ბერძნული თეატრი მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფენომენს წარმოადგენს. კლასიკურ ათენში განისაზღვრა დრამის, როგორც კომპლექსური ჟანრის, განვითარების უმთავრესი მიმართულებები, რომელთაც უდიდესი გავლენა მოახდინეს მსოფლიოს თეატრალური ხელოვნების ფორმირებაზე. ანტიკურ საბერძნეთში შეიქმნა არა მარტო გენიალური ტრაგედიები, კომედიები, მცირე ფორმის დრამატული ნაწარმოებები, არამედ დრამის თეორიაც. თეატრს ძველ საბერძნეთში ჰქონდა ჭეშმარიტად დემოკრატიული ხასიათი, რადგან თეატრალურ ფესტივალებზე დრამატულ წარმოდგენათა გამართვისთვის განკუთვნილი ნაგებობები იტევდნენ ათასობით მაყურებელს, ფაქტობრივად, მთელი ქალაქის მოსახლეობას. 700-მდე თეატრში, რომლითაც მოფენილი იყო ანტიკური სამყარო, სულ ცოტა 7 000 000-მდე დასაჯდომი ადგილი იყო, რაც ბევრად აღემატება თანამედროვე ევროპის ყველა ქვეყნის თეატრებში არსებულ დასაჯდომ ადგილთა მთლიან რაოდენობას. უმაღლეს დონეზე იყო თეატრის არქივის ორგანიზაციის საკითხი, რისი წყალობითაც დღეს ჩვენ საკმაოდ სრული ინფორმაცია გვაქვს თეატრებში დადგმული სპექტაკლების, ავტორებისა და პრემიერების თარიღების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები