ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება მიენიჭება
21-24 იანვარს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პარიზში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში იუნესკოს გენერალური დირექტორ ირინა ბოკოვა ქართველ პიანისტს და საზოგადო მოღვაწეს – ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდებას მიანიჭებს.
ამ საპატიო წოდებას მსოფლიოში გამოჩენილი არტისტები ფლობენ: სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, ვალერი გერგიევი, პლასიდო დომინგო.
ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და მისი საქველმოქმედო ღონისძიებები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით და აღნიშნული წოდება პირველად მიენიჭება ქართველ არტისტს.
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომლის მთავარი მიზანიც არის ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობა, ასევე ახორციელებს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს.
ფესტივალი ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიაზაციას და ნიჭიერი ახალი სახელების აღმოჩენას. ელისო ბოლქვაძის, „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ ტიტულით სამომავლო გეგმები, უკავშირდება მსოფლიოში არსებულ კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას – საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიებების საშუალებით.
ცერემონიას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საფრანგეთში და მიწვეული სტუმრები. დაჯილდოებას გახსნის ირინა ბოკოვა, ხოლო სიტყვით გამოვლენ საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში, ეკა სირაძე-დელონე და თავად ელისო ბოლქვაძე.