სამეგრელოში 30 -მდე ცეცხლის კერა და 50 სახანძრო შეტყობინება დაფიქსირდა

  სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 50-მდე სახანძრო შეტყობინება დაფიქსირდა – ამის შესახებ „კვირას“ ცენტრის ანალიტიკოსმა ირაკლი სიჭინავამ განუცხადა. მისი თქმით, წუხელ რეგიონში, სხვადასხვა ადგილას, 30 -მდე ხანძრის კერა აღინიშნა.
როგორც „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, ხანძრის შედეგად, ხობის რაიონის სოფელ „შუა ქვალონში“ ხვიჩა ცირეკიძემ სხეულის დამწვრობა მიიღო. „კვირას“ ხობის რაიონის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსმა გოჩა არაჩემიამ განუცხადა, რომ ხვიჩა ცირეკიძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხანძარი, სავარაუდოდ, დაუდევრობის გამო მოხდა. მისი თქმით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შუახნის მამაკაცი, რომელსაც სხეულის ქვედა კიდურები დამწვარი ჰქონდა, ხობის რაიონის საავადმყოფოში მოათავსა. ცეცხლი გაუჩნდა ზუგდიდში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლს. თუმცა, საბედნიეროდ, იქ არავინ დაშავებულა. როგორც „კვირას“ ირაკლი სიჭინავამ განუცხადა, წუხანდელი ღამე სამეგრელოს მთელ რეგიონში სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლებისთვის მეტად რთული აღმოჩნდა. მისი თქმით, სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში ხანძრის რამდენიმე კერა გამოვლინდა.
„ხანძრის კერები იყო წალენჯიხაში, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის და კიდევ რამდენიმე რაიონის სოფლებში. მოსახლეობა პატარ-პატარა ეკალ-ბარდებს ცეცხლს უკიდებს, ხოლო შემდეგ კი ქარის შედეგად, ხანძრის არეალი დიდდება და ცეცხლი დიდ ფართობზე ვრცელდება“, – აღნიშნა ირაკლი სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები