საქართველოს საელჩოს ძალისხმევით გერმანიაში, გამოფენაზე აფხაზური მხარე არ დაუშვეს

აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბერლინში, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე აფხაზური დელეგაცია მონაწილეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, აფხაზურ მხარეს ჰქონდა მცდელობა, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიეღო, თუმცა გერმანიაში საქართველოს საელჩოს რეაგირების შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, აფხაზური მხარე, როგორც ქვეყანა გამოფენაზე არ დაუშვეს.
„აფხაზურ მხარეს, მართლაც, ჰქონდა მცდელობა, რომ მონაწილეობა მიეღო ამ გამოფენაში, მაგრამ საქართველოს საელჩოს შესაბამისი რეაგირების შედეგად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, აფხაზური მხარე ამ გამოფენაზე წარმოდგენილი არ არის. გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იქვე იმყოფებიან ქართული დელეგაციის წევრები და გერმანიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. აფხაზეთი, როგორც ქვეყანა, გამოფენაზე წარდგენილი არ არის“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბერლინში, გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2015“ აფხაზური მანდარინი, ღვინო, აჯიკა, ყველი და სხვა საკვები პროდუქტები იყო წარმოდგენილი, ხოლო აფხაზეთის დელეგაცია გამოფენაში პირველად მონაწილეობს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე აფხაზეთი, “სავაჭრო-სამეწარმეო პალატამ” და მისმა “პრეზიდენტმა” გენადი გაგულიამ წარადგინეს.
“გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, სავაჭრო პალატას უზარმაზარი დახმარება გერმანელმა პარტნიორებმა, გერმანიაში აფხაზეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხიბლა ამიჩბამ და აფხაზური დიასპორის წარმომადგენელმა ვიოლეტა რუდათ-ავიძბამ გაუწიეს“, – ნათქვამია აფხაზურ მედიიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას “მწვანე კვირეული 2015″-ს (Gruene Woche 2015) საქართველოს დელეგაცია ესწრება. ქართულ დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი და ქართული სამზარეულო – დამზადდება ქართული ტრადიციული კერძები: ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ. Gruene Woche 2015-ზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „ლომისი“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“. გამოფენაში ასევე მონაწილეობენ ტურისტული კომპანია “Like Georgia” და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა „მწვანე კვირეული“ 1926 წლიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები