რუსთავში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნაკადის საწინააღმდეგო ქვანაყარი ბერმის მოწყობა და ძველი დეფორმირებული ბეტონის კედლის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. ამ დროისათვის კი, ახალი, 34-მეტრიანი ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული ობიექტი რუსთავის წყალმომარაგების სადგურს დაზიანებისგან დაიცავს, რაც ქალაქისთვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 539.000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები