„პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები ხელისუფლებამ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყო“

საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ „პანორამა თბილისის“ პროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დაუშვებელია ამ პროექტის განხორციელება იმ ადგილას, სადაც იგეგმება, რადგან ეს თბილისის მთლიან იერსახეს ცვლის.
ნადირაძის განცხადებით, „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები ხელისუფლებამ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყო.
„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელები „პანორამა თბილისზე“ საუბრობენ, სულ აპელირებენ ინვესტიციებზე და ამით ცდილობენ, გაამართლონ ის უკანონო ქმედებები, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება. „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები ხელისუფლებამ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყო. ინვესტიციების განხორციელება თბილისელების ინტერესებს არ უნდა აზიანებდეს“,- განაცხადა ნადირაძემ.
მისი განცხადებით, „პანორამა თბილისის“ მიღმა ბიძინა ივანიშვილი დგას. ნადირაძის თქმით, ყოფილი პრემიერ- მინისტრი ცდილობს, თავის მილიარდებს ამ მხრივ კიდევ ახალი მილიონები შემატოს.
„თუ ამ ადამიანებს ინვესტიციის დაბანდება და თბილისში დახარჯვა უნდათ, ამ ადგილის გარდა, თბილისში უამრავი ადგილია, სადაც ინვესტირება შეიძლება. მაგალითად მოვიყვან შემოვლით რკინიგზას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის. „პანორამა თბილისის“ გამო მოჭრილია მთის დიდი ნაწილი, ადგილზე მუშაობდა ტექნიკა და მხოლოდ მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ჟურნალისტებმა ატეხეს ამაზე ხმაური. არანაირი დასკვნა არ ყოფილა წარმოდგენილი, სადაც ექსპერტების შეფასებები იქნებოდა. საკრებულოს ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. საკრებულოს უმრავლესობამ შეუცვალა სტატუსი იმ ტერიტორიას, სადაც აპირებენ, რომ „პანორამა თბილისი“ ააშენონ“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები