ელისო ჩაფიძე: პარლამენტის შენობა ინგრევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობა ინგრევა. განცხადება დეპუტატმა „პირველ პრესკლუბში“ გააკეთა. მისივე განმარტებით, “ნაციონალების” მიერ აშენებული შენობების უმეტესობა უხარისხოა, მათ შორის პარლამენტის შენობა ქუთაისში.

„მინდა, გთხოვოთ, ქუთაისში ჩამობრძანდეთ უახლოეს მომავალში და ნახოთ, როგორ ინგრევა პარლამენტის შენობა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ იქ რიგგარეშე სესიაზე ვიყავით, წვიმის დროს წყალი პირდაპირ შენობაში ჩამოდიოდა. ეს შენობა, რომელზეც ლამის ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, ალბათ, რამდენიმე წელიწადში ფაქტობრივად უვარგისი და გამოუყენებელი გახდება“, – განაცხადა დეპუტატმა.
ელისო ჩაფიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო სახსრების ფლანგვასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ეს შენობა ააშენეს.
„დიდი სურვილი მაქვს, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელთაც პარლამენტის შენობის აშენებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი სახსრები გამოყვეს. დარწმუნებული ვარ, რომ იმის ნახევარი თანხაც არ არის პარლამენტის მშენებლობისთვის დახარჯული, რაც უნდა იყოს. ალბათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხაა მითვისებული. ძალიან მოკლე ხანში შეიძლება ის სარეაბილიტაციო და შესაკეთებელი გახდეს. თანაც, განსაკუთრებულს ვერაფერს აძლევს ქალაქ ქუთაისს. მე ჩემს სამუშაო ოთახში დავდივარ და ვიცი, რომ არც ეკოლოგიური პირობებით და არც სხვა კრიტერიუმებით, ეს შენობა იმ მდგომარეობაში არ არის, რა მდგომარეობაშიც ქართველი ხალხის ჯიბიდან და ბიუჯეტიდან ამოღებული უზარმაზარი თანხის შედეგად უნდა იყოს“, – აღნიშნა ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები