„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ თანამშრომლები აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდნენ. ასოციაციის გუნდმა კამპანიისთვის 3 მთავარი გზავნილი შეარჩია: 1. იყავი ინფორმირებული C ჰეპატიტის შესახებ და იცოდე მეტი; 2. ნუ დამალავ დაავადებას, დროული მიმართვიანობა დაავადების სწრაფად დამარცხებას ნიშნავს; 3. ჩვენ ერთად ვართ და ყველაფერს მოვერევით.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით ერთვება სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. მივესალმებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას და მიგვაჩნია, რომ საზოგადოება ერთად უნდა ებრძოლოს C ჰეპატიტს. ჩვენი სამი მთავარი გზავნილიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი დაავადების გავრცელების წყაროების, მისი სიმპტომების და მკურნალობის შესახებ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანმა არ დამალოს დაავადება, დროულად მიმართოს ექიმს, რადგან ეს სწრფად განკურნების საწინდარია.
ჩვენის მხრიდან აქციაში ჩასართავად ვიწვევთ ჩვენს წევრ კომპანიებს“,–განაცხადა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამთა გერგედავამ. მისივე განმარტებით, პროექტში ჩასართავად ასოციაციამ თავისი წევრი კომპანიები: „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“, ღვინის კომპანია „შუმი“ და კომპანია Logistics Solutions-ი გამოიწვია. როგორც ცნობილია, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მიწერონ სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ. 2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი არა მარტო მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება, რაც, პირველ რიგში, დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები