ნინო გიორგობიანი: ვადასტურებ, მერაბიშვილის VIP დავალიანებაზე ჩვენც მივიღეთ წერილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილის VIP დავალიანების თაობაზე წერილი შს სამინისტრომაც მიიღო.
“ვადასტურებ, რომ ვანო მერაბიშვილის VIP დავალიანებაზე ჩვენც მივიღეთ წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო პარიზიდან. საქართველოს ელჩის, ქალბატონი ეკა სირეძე-დელონეს მიერ“, – განუცხადა “კვირას“ ნინო გიორგობიანმა.
დავალიანების თაობაზე წერილი შევიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც. სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის წერილი მათ უწყებაში 15 იანვარს შევიდა და განხილვის პროცესშია.
სააკაშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის გამო საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებს და მაღალი რანგის პირებს შესაძლოა, პარიზის აეროპორტმა VIP მომსახურება არ გაუწიოს და უფრო მეტიც, საქართველოს მხარეს დამატებითი ჯარიმა დააკისროს.
“აიპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სხვა უწყებებზე რიცხულ დავალიანებებს შორის ფიქსირდება 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ამავე წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ამავე წელს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის დავალიანებები.
საქართველოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა პარიზის აეროპორტის VIP დარბაზით „ნისიად“ ისარგებლეს და თანხა არ გადაიხადეს.
პარიზის აეროპორტის ადმინისტრაციამ საქართველოს საელჩოს საშუალებით საქართველოს 4 უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა.
პარიზის აეროპორტის ადმინისტრაცია უწყებებს თხოვნით მიმართავს, რათა დროულად დაიფაროს არსებული დავალიანება, ვალის არ გადახდის შემთხვევაში კი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებსა და მაღალი რანგის პირებს მომავალში აღარ გაეწევათ VIP დარბაზით მომსახურება. ასევე შესაძლებელია, ფრანგულმა მხარემ დააკისროს დამატებითი ჯარიმა საქართველოს მხარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები