სააკაშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილის VIP სკანდალის გამო, საქართველოს შესაძლოა, ჯარიმა დაეკისროს

სააკაშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის გამო საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებს და მაღალი რანგის პირებს, შესაძლოა, პარიზის აეროპორტმა VIP მომსახურება არ გაუწიოს და უფრო მეტიც, საქართველოს მხარეს დამატებითი ჯარიმა დააკისროს.
როგორც „აიპრესისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს სხვა უწყებებზე რიცხულ დავალიანებებს შორის ფიქსირდება 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ამავე წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ამავე წელს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის დავალიანებები.
საქართველოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა პარიზის აეროპორტის VIP დარბაზით “ნისიად” ისარგებლეს და თანხა არ გადაიხადეს. “აიპრესის” ინფორმაციით, პარიზის აეროპორტის ადმინისტრაციამ საქართველოს საელჩოს საშუალებით საქართველოს 4 უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა.
პარიზის აეროპორტის ადმინისტრაცია უწყებებს თხოვნით მიმართავს, რათა დროულად იქნას დაფარული არსებული დავალიანება, ვალის არ გადახდის შემთხვევაში კი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებსა და მაღალი რანგის პირებს მომავალში აღარ გაეწევათ VIP დარბაზით მომსახურება. ასევე შესაძლებელია, ფრანგულმა მხარემ დააკისროს დამატებითი ჯარიმა საქართველოს მხარეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ არანაირ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე არ ფლობენ. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის წერილი უწყებაში 15 იანვარს შევიდა და განხილვის პროცესშია. ინფორმაციას გადავამოწმებთ შსს-ს სამინისტროშიც და საგარეო სამინისტროშიც და უწყებების პასუხს დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.

წყარო: „აიპრესი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები