„აფხაზურ მხარესთან ენგურჰესის კუთვნილებაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია“

აფხაზურ მხარესთან ენგურჰესის კუთვნილებაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მინისტრი “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში საომარი მოქმედებები დამთავრდა, ენგურჰესის ექსპლუატაციას აწარმოებს მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
„ამ ხნის განმავლობაში, ექსპლუატაცია იქნება თუ გარკვეული სარემონტო სამუშაოები, მუდმივად ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელსაც, ბუნებრივია, ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აფხაზურ მხარესთან. ენგურჰესის მთელი კომპლექსი გაყოფილია, მდინარე ენგურის ორივე მხარეს მდებარეობს – კაშხალი არის წალენჯიხის და ელექტროსადგური – გალის რაიონში. ბუნებრივია, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს, თუ არ მიეწოდება ის წყალი, რაც განთავსებულია წყალსაცავში”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით აწარმოებს თუ არა ქართული მხარე მოლაპარაკებებს, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
“არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები