იოჰანეს ჰანი – რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საბაბი არ გვაქვს

თუ მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებას გადავხედავთ, რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საბაბი არ გვაქვს, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა დღეს ილიას უნივერსიტეტში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“როდესაც უმაღლესმა წარმომადგენელმა წამოსწია სანქციების საკითხი, ვფიქრობ, ეს, ძირითადად, იმის გამო მოხდა, რადგან სანქციების ნაწილს – მარტში, ნაწილს კი ივნისში ვადა ეწურება. ამიტომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ხელახლა საკითხი მათი გაგრძელების თაობაზე. თუ ჩვენ ამ საკითხზე დისკუსიას არ გავმართავთ, ვადის ამუწურვის შემდეგ ისინი ავტომატურად შეჩერდება, რაც ამ ეტაპზე, მე ვიტყოდი, რომ არარეალისტურია. თუ ჩვენ მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებას გადავხედავთ, სანქციების გაუქმების საბაბი არ გვაქვს. მეორე მხრივ, ამ სანქციებით ბედნიერი არავინაა და სანქციები არ არის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ზოგჯერ ის აუცილებელია და, როგორც ვხედავთ, კარგად მუშაობს”, – განაცხადა ჰანმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების გადახედვის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას შეწყვეტს, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების უმეტესი ნაწილი უნდა გაუქმდეს, ევროკავშირმა კი რუსეთთან თანამშრომლობა სრული მოცულობით უნდა აღადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები