ზურაბ კიკნაძის ჩანაწერების წიგნის „სიტყვითა და საქმითა“ პრეზენტაცია

   23 იანვარს, 19 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ზურაბ კიკნაძის ჩანაწერების წიგნის „სიტყვითა და საქმითა“ წარადგენს. პრეზენტაციის ფარგლებში 20-დან 40%-მდე ფასდაკლებით „ჩანაწერების“ სერიით გამოცემული ყველა წიგნის შეძენა იქნება შესაძლებელი. ზურაბ კიკნაძე ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია. 1951 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით დაამთავრა. 1956-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში შუმეროლოგიას სწავლობდა. 1985 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა“. 1986 წლიდან ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია,- 2006 წლიდან კი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. ზურაბ კიკნაძე რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აგრეთვე პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების მონაწილე. იგი სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისთვის 1978 წელს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია მიენიჭა. ის არის თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი, 2005 წელს მას სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ,,საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონისთვის” ივანე ჯავახიშვილის მედალი აქვს მიღებული. ზურაბ კიკნაძის პირველი თარგმანი – „გილგამეში“ 1963 წელს გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები